18 წლის საქართველოს მოქალაქეს 3 დღეა ოჯახი უშედეგოდ ეძებს. გივი მჭედლიშვილი ბოლოს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ნახეს და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება. დედის ინფორმაციით, საქართველოდან საბერძნეთისკენ ახალგაზრდა მის მოსანახულებლად ავტობუსით ოთხშაბათს გაემგზავრა, თუმცა ევროკავშირის მესაზღვრემ შენგენის ზონაში არ შეუშვა და გივი მჭედლიშვილი არც უკან მომავალ ავტობუსში ასულა. ახალგაზრდის ოჯახის ინფორმაციით, დახმარებაზე უარი მიიღეს თურქეთის საელჩოდან.
ანკარის წარმომადგენლობა "კურიერის" ზარებს არ პასუხობს. კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
თურქეთსა და საბერძნეთში საქართველოს კონსულებს 18 წლის გივი მჭედლიშვილის პოვნის თხოვნით, დღეს ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრმაც მიმართა.
„ოთხშაბათს დილით გამოვიდა 10:00 საათზე ორთაჭალიდან. საბერძნეთის საბაჟომ არ გადმოუშვა ბავშვი და უკან დააბრუნა. უკან რომ დააბრუნა სხვა ავტობუსს გააყოლეს, მაგრამ ბავშვი სხვა ავტობუსში არ ასულა. მე ოფისის უფროსს ვურეკავდი, რომ სად იყო ჩემი ბავშვი. მითხრა, რომ სხვა ავტობუსს გაყვა, მაგრამ არ გაჰყოლია ბავშვი. პირდაპირ საბერძნეთის საბაჟოზე დატოვეს. ვერანაირად ვერ ვუკავშირდები ბავშვს. დამეხმარონ რომ ჩემი შვილი მომაძებნინონ,“ - განაცხადა გივი მჭედლიშვილის დედამ ინგა მჭედლიშვილმა.
ათენში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი ავთო გიუნაშვილი ამბობს, რომ ამ დროის ინფორმაციით, ახალგაზრდა საბერძნეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ვერ იქნება, ლეგალურად მას საზღვარი არ გადაუკვეთავს. მისი ვარაუდით, 18 წლის გივი მჭედლიშვილი შესაძლოა იმყოფებოდეს ევროკავშირსა და თურქეთის საზღვარს შორის, ან თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.