18 ნოემბერი 2024,   18:58
ვრცლად
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ჩასაქრობად მობილიზება იზრდება - ხოშარაულის ქუჩაზე 17 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული

ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ამ დრომდე ლოკალიზებული არ არის. ადგილზე 17 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

ხოშარაულის ქუჩაზე ავტონაწილების ბაზრობის მაღაზიების მფლობელებმა ამ დრომდე არ იციან, თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი და რა სახის ზარალი მიადგათ მათ.

თბილისის დიდუბის რაიონი გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ ხანძრის ჩაქრობა ერთხელ უკვე მოხერხდა, თუმცა შენობაში აალებადი ნივთიერებების გამო, ავტონაწილების ბაზრობას ცეცხლი კვლავ გაუჩნდა.

„გაურკვეველი გენეზის ცეცხლია, ზუსტი ინფორმაცია ის ვიცი, რომ მეორადი მანქანების პლასტმასი და ზეთები იწვის. ნახევარი საათის შემდეგ, პრაქტიკულად, უკვე ლოკალიზებული იყო ცეცხლი, მაგრამ ამ სპეციფიკიდან და  სწრაფად აალებადი ნივთიერებებიდან გამომდინარე, ხელმეორედ აინთო, თუმცა ახლა როგორც ვხედავ, ნახევრად ჩამქრალია,“ - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

მისი თქმით, სიცრუეა ის ინფორმაცია, რომ მეხანძრეები ცეცხლს წყალს არ ასხამენ.

მაღაზიების მფლობელები შენობაში შესვლას და საკუთარი პროდუქციის გადარჩენას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ უსაფრთხოების მიზნით, შიგნით არ უშვებს. ამის გამო სამართალდამცველებსა და დაზარალებულ მოსახლეობას შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც დაიწყო. 

„სანამ არ დაიბუგება არ უშვებენ არავის შიგნით!“ - აცხადებს ავტონაწილების ბაზრობაზე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი. 

ხანძარი ავტონაწილების ბაზრობას  დაახლოებით 2 საათის წინ გაუჩნდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები