ხანძრის მიზეზების და ზარალის ოდენობის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობას დღეიდან იწყებს. თბილისის მერიამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებები, რომ, თითქოს, სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, ან არ ჰქონდათ წყალი, სიცრუეა.
თბილისის მერია მოუწოდებს ყველას, ექსპერტიზის დასკვნამდე "ბრალდებებისა და ცილისმწამებლური განცხადებებისგან" თავი შეიკავონ და შექმნილი ვითარება პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოვაჭრეები დაზიანებულ საქონელთან მიმართებაში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან.
როგორც ვიცემერმა, ლაშა აბაშიძემ, განაცხადა, დაზარალებულების დახმარებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები ზარალის დათვლის შემდეგ მიიღება.
„კონკრეტულ ციფრებზე ვერ დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ გვერდში დავუდგებით. კონკრეტული გადაწყვეტები საერთოდ არ ყოფილა, ეს გადაგვეტანა თუ არა. ამ ადამიანებს მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენ მათ გვერდში დავუდგებით,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.