საქართველოს პრეზიდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს და აბიტურიენტებს მიმართავს.
პრეზიდენტი აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს.
"ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო. მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. ამავე დროს ღრმად მწამს, რომ მეცნიერება და შემოქმედება, ახალი ცოდნის წარმოების პროცესი არის ის, რასაც თითოეული ქვეყნის განვითარება თუ მთლიანად კაცობრიობის წინსვლა ეფუძნება. ამიტომ მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით. მჯერა, რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით. რომ თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას," - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.