18 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ელიავას ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულები გამოძიებისა და კომპანსაციის მოლოდინში არიან

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, გუშინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ, რამდენიმე მცირე მეწარმემ ავტონაწილების ბაზრობის შენობაში შესვლა უკვე შეძლო. მაღაზიების მფლობელები აცხადებენ, რომ მათი ქონება სრულიად განადგურებულია, თუმცა აუნაზღაურდებათ თუ არა მათ ზარალი, ჯერ არ იციან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ადგილზე დღეს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მცირე მეწარმეები გამორიცხავენ, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის შედეგად გაჩნდა, რადგან დენს საღამოს 08:00 საათზე  მთელ ბაზრობაზე თიშავენ.

ოფიციალური ინფორმაციით კი ხანძარი ხოშარუალის ქუჩაზე 21 საათსა და 21 წუთზე გაჩნდა. ის პირველად დიდუბის გამგეობის თანამშრომლებმა შეამჩნიეს. სამართალდამცველებმა დაცვის თანამშრომლები, ბაზრობის დირექტორები და დაზარალებულების ნაწილი უკვე გამოკითხეს. ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

დაუზუსტებელი ინფორმაციით ხანძარი ბაზრობის პირველ სექტორში საბურავების მაღაზიაში გაჩნდა. რის შემდეგაც ცეცხლი 2000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მეათე ხანძარია, რომლის მიზეზების დადგენას გამოძიება ცდილობს. 

ელიავას ბაზრობაზე 2015 წელს მომხდარ ხანძარს სამართალდამცველები უკვე 2 წელია იძიებენ. ამ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადვოკატი ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე ცნობილია, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 

ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები