18 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ხმაური დაპირისპირება ე.წ. ელიავას ბაზრობაზე - მოვაჭრეებმა დამწვარ მაღაზიებში შეჭრა სცადეს 

ხმაური და დაპირისპირება ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე. ერთმანეთს დაზარალებული მოვაჭრეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეებმა დამწვარ ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.

დაზარალებულების განცხადებით, ადგილზე ამ დრომდე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, შესაბამისად მათ სურდათ გამოეტანათ ის ნივთები, რომელიც ხანძარს გადაურჩა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს ჩანიშნულია დაზარალებულების  შეხვედრა ვიცე მერთან. ლაშა აბაშიძე დაზარალებულებს დღეს 13:00 საათზე უნდა შეხვდეს. მოვაჭრეები ვიცე მერს დაზიანებული და განადგურებული საქონლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

თუმცა, როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ამბობენ, მათ მერიაში დანიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია "კურიერისგან" გაიგეს.

მოვაჭრეები მოითხოვენ თბილისის ვიცე მერი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მივიდეს, რათა ყველა დაზარალებულის პოზიცია მოისმინოს.

„ხალხი ვერ მუშაობს, მე ვლაპარაკობ ახლა თორემ ჩემს უკან 2000 კაცამდეა, რომ პარალიზებულია მთლიანად ელიავა. გუშინ აბაშიძე იყო მოსული, გაესაუბრა ხალხს, დაპირებები იყო და ელოდება ხალხი მოსვლას და დილის 8 საათიდან ხალხი აქ არის, ელოდება, გაურკვევლობაშია და მოვიდეს ვიღაც, რომ რაღაც იმედი ჩაესახოს ხალხს,“-განაცხადა გელა მამალაძემ.

იმის გამო, რომ ხოშარაულის ქუჩა ამ დრომდე გადაკეტილია, ხანძრის შედეგად დაზარალებულების გარდა, დღეს პროტესტს სხვა მოვაჭრეებიც გამოთქვამდნენ. მათი თქმით, გზის გადაკეტვა მათ საქმიანობაში ხელს უშლის, შესაბამისად, ისინი მიმართავენ თბილისის მერიას, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გზის გახსნა. 

დღის ამბები