ეროვნული ბანკი მოსახლეობას ფინანსური პირამიდების შესახებ აფრთხილებს. ნებისმიერი ადამიანი შესაძლოა, ფინანსური პირამიდების მსხვერპლი გახდეს.
ეროვნული ბანკი კონკრეტულ კომპანიებს არა, თუმცა იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რომლითაც მომხმარებელი უნდა მიხვდეს, რომ საქმე შესაძლოა, ფინანსურ მაქინაციასთან ჰქონდეს.
„ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ერთი მხრივ, ფინანსური მომსახურება იყოს გამჭვირვალე. მომხმარებლებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი იყენებენ. მეორე მხრივ მუშაობს იმაზე, რომ მოსახლეობას ჰქონდეს უნარები, მიღებული ინფორმაცია გააანალიზოს და მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ფინანსური მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების განყოფილების უფროსი, ლაშა გზირიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ფინანსური კომპანიების საქმიანობას არ კრძალავს და ეროვნულ ბანკს ფინანსურ პირამიდასთან გამკლავების ბერკეტი არა აქვს.