ჩხოროწყუში პოლიციასთან შელაპარაკება 75 წლის მამაკაცისთვის სასამართლო პროცესით და სოლიდური ჯარიმით დასრულდა. ვაჟა კვარაცხელია სამართალდამცველებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, რაც პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მოხუცი ირწმუნება, რომ ავტომობილის არასწორი დგომა-გაჩერებისთვის, ის ისეთ ზონაში დააჯარიმეს, სადაც ამკრძალავი ნიშანი არ დგას. მოხუცი ყვება, რომ ის პოლიციის განყოფილებაში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის გადაიყვანეს და სთხოვდნენ, ეღიარებინა, რომ ის კანაფის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
წინასწარი დაკავების საკანში 75 წლის ვაჟა კვარაცხელია ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახა, რაც მოხუცის მდგომარეობა დამძიმდა.
ვაჯა კვარაცხელიას ჩხოროწყუს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით ჩადენილ სამართალდარღვევას ედავება, რაც დაუმორჩილებლობასა და პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.
საქმის ზუგდიდის სქალაქო სასამართლომ განიხილა და კვარაცხელია 250 ლარით დააჯარიმა.
მოხუცი „კურიერს“ უყვება, რომ პროცესზე იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ითხოვა, თუმცა ამბობს, რომ ჩანაწერები წაშლილი იყო.
ოფიციალური ინფორმაციით, სასამართლომ კამერის ჩანაწერები, პოლიციელთა ჩვენებები და ბრალდებულის აღიარება გაითვალისწინა, რის შემდეგაც ის სამართალდამრღვევად სცნო.
დაინტერესდება თუ არა შსს გენერალური ინსპექცია პოლიციის მისამართით საჯაროდ გაცხადებული ბრალდებებით, უცნობია.
მოხუცი სასმართლოს ჯარიმას უსახსრობის გამო ვერ იხდის. ის ცოლთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის შემოსავლის წყარო მხოლოდ ცოლ-ქმრის პენსიაა.
ავტორი: ემა გოგოხია