18 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
პრეზიდენტის შვილის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მიხეილ თათარიშვილის საქმეზე საბოლოო განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი. პრეზიდენტის სიძისა და შვილის მეგობარმა, დღევანდელ პროცესზე დეტალურად გაიხსენა მისი დაკავების დეტალები და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო.

მიხეილ თათარიშვილის განცხადებით, სურამში, ერთ-ერთ სასადილოსთან სამართალდამცავებმა ძალის გამოყენების შედეგად დააკავეს.

დასკვნითი სიტყვით გამოსვლის დროს, დაცვის მხარემ, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ პროკურატურამ „უნიჭოდ დაწერილი სცენარი“ წარადგინა. პროკურორი კი, დაცვის მხარის არგუმენტს არ ეთანხმება, რომ თითქოს პოლიციელების ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

მიხეილ თათარიშვილის მამა, ლადო თათარიშვილი, ხვალ შვილის გამოშვებას არ გამორიცხავს. თუმცა, ლადო თათარიშვილი პროკურატურას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ პროკურატურა პოლიციელების მხრიდან ჩადენილ ქმედებებს ამართლებს, რის გამოც, ხვალინდელი პროცესის დასრულებას წინასწარ ვერ საზღვრავს.

„თუ სიმართლე აინტერესებს მართლმსაჯულებას, ხვალ მიხეილ თათარიშვილი უნდა გამართლეს. მაგრამ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, პროკურორი, რომელიც უპრავებს პოლიციას ყოველგვარ უხამსო საქციელს, მაშინ, რა თქმა უნდა, დადგება ის, რაც პროკურატურას, მილიციას და ხელისუფლების გარკვეულ შტოებს აინტერესებთ,“ - განაცხადა ლადო თათარიშვილმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილი, ანა მარგველაშვილი, იმედოვნებს, რომ მის მეგობარს გაათავისუფლებენ, რადგან ის უდანაშაულოა.

ადვოკატი, ირმა ჭკადუა აღნიშნავს, რომ სასამართლოში ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცეს საქმის მოწმეებმა. თუმცა, ირმა ჭკადუა იმედოვნებს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.  

დღის ამბები