როგორი უნდა იყოს ოკუპანტთან ურთიერთობის სტრატეგია და ხელისუფლების ანტიანექსიური პოლიტიკა - ამ თემაზე დღეს პრეზიდენტის უშიშროების საბჭო სამოქალაქო სექტორთან ერთად იმსჯელებს. დავით რაქვიაშვილს საკითხზე საკუთარ მოსაზრებას 11 არასამთავრობო ორგანიზაცია გააცნობს.
"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ანტიანექსიური პოლიტიკა ყველა სახელმწიფო უწყების ქმედებასა და ნაბიჯებს უნდა განსაზღვრავდეს.
„ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ როდესაც აღიარებ რაიმე საფრთხეს, ამ შემთხვევაში ანექსიის საფრთხეს, საჭიროა ამ საფრთხის საპასუხო სტრატეგიის და მოქმედებების შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის გეგმის შემუშავება. ბუნებრივია, აქ უნდა იყოს ის ძირითადი მიმართულებები, რაც საჭიროა, რომ ქვეყანამ გადადგას, როგორც საგარეო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით,“ - განაცხადა "GRASS"-ის დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა.
სამოქალაქო სექტორი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, რუსეთის ყველა პროვოკაციულ - ანექსიურ ქმედებას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვებოდეს, თუნდაც სანქციების გზით.
„მნიშვნელოვანია, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ დაავიწყდეთ ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ასევე ჩვენ მხარდაჭერა გამოგვიცხადონ ამ მიმართულებით და გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ოკუპაცია არ გაგრძელდეს. აქ შეიძლება იყოს საუბარი სანქციებზე, შეიძლება იყოს სხვა ქმედებებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანია, რომ იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
საერთაშორისო საზოგადოების მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას საინფორმაციო პორტალი ”ევროპა საქართველოსთვის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
„ჩვენ შესახებ უნდა ლაპარაკობდნენ, როგორც პრობლემაზე ამ მიმართულებით. რუსეთმა უნდა იგრძნოს ზემოქმედება საერთაშორისო საზოგადოების და უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი მსგავსი ქმედება მას დაუჯდება კონკრეტული ფასი,“ - ამბობს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.