ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სავარაუდოდ, კიდევ ერთ სკანდალურ საქმესთან ასოცირდება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთის მფლობელობასთან დაკავშირებულ დავაზე კვლევას აქვეყნებს. 2008 წელს აბანოთუბანში გაყიდული ნაკვეთის გამო კონფლიქტი ამ დრომდე გრძელდება.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, ფიქრობს, რომ სწორედ გავლენიანი ფიგურის ინტერესის გამო, თბილისის საკრებულო უკვე რამდენიმე თვეა აბანოთუბანში სადავო მიწის ნაკვეთზე გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებს. „საია“-ს წევრების განცხადებით, ძვირადღირებული მიწა შპს "ნარიყალამ" ხელში კორუფციული შეთანხმების შედეგად ჩაიგდო.
„ახალგაზრდა იურისტების“ მტკიცებით, თბილისის მერიაში 2016 წლის ზაფხულიდან აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა რეაგირებას არ ახდენენ.
ის, ვის დასახელებასაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე ერიდება, „კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ფარცხალაძესთან ნაცნობობას შპს "ნარიყალას" დირექტორი ადასტურებს, თუმცა საქმეში მის თანამონაწილეობას, კატეგორიულად უარყოფს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჯერ კიდევ 2016 წლიდან აბანოთუბანში გადაცემული მიწის ნაკვეთის შესახებ გამოვლენილი დარღვევების შესახებ მიწის ლეგალიზების კომისიის უმოქმედობაზე საუბრობს.