18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
დამწვარი საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი და ისტორიული ფოტოები - ომის მუზეუმი ერგნეთში 8 აგვისტოს იხსნება

2008 წლის რვა აგვისტოს სახლი ერგნეთში ცეცხლის ალში იყო გახვეული, ოკუპანტებმა ის გადაწვეს და დაანგრიეს. დაფერფლილ კედლებში 9 წლის შემდეგ ომის მუზეუმი გაიხსნება.

მანქანა უამრავი ნატყვიარით უკვე რამდენიმე წელია, დაბომბილი სახლის ეზოში დგას. ავტომობილი ჯემალ ჩლაჩიძემ 2008 წლის ზაფხულში იყიდა, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ახლა ის მხოლოდ ისტორიისა და ომის მუზეუმის ნაწილია.

ექსპოზიციისთვის ტერიტორიის გასუფთავებას იდეის ავტორი მოხალისეებთან ერთად გეგმავს. ამის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის პირველი მუზეუმის სტუმრობა ყველას შეეძლება.

სარდაფის მეორე ოთახში დამწვარი საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი და ისტორიული ფოტოები გამოიფინება. მოეწყობა ვიდეოჩვენებები და განთავსდება საგანმანათლებლო კუთხეც. თუმცა მანამ, სანამ ტერიტორია მუზეუმის იერსახეს შეიძენს, დაბომბილ სარდაფში ბინა მერცხლებმა დაიდეს.

დღეს უკვე უსაფრთხო ტერიტორიაზე ჩლაჩიძეები ისევ ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ აღდგენილი სახლის ეზოში ცეცხლს გადარჩენილ ნივთებთან ერთად ერგნეთელი ბავშვების ნახატებიც გამოიფინება.

ენთუზიაზმითა და ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სივრცე ერთ თვეში მუზეუმის იერსახეს მიიღეს და სიმბოლურად 8 აგვისტოს გაიხსნება.

დღის ამბები