გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის მოხსენებას, თურქეთის ციხეებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. „Amnesty International“-ს სწორედ ეს დასკვნა მოჰყავს იმის დასტურად, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება თურქეთში არ უნდა მოხდეს ხოლო, ლტოლვილთა სამინისტრომ ეს დასკვნა გამოიყენა იმის დამადასტურებლად, რომ თურქეთში ჩაბუქს არადამიანური მოპყრობა არ ელის.
თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსი, ირაკლი ლომიძე აღნიშნავს, რომ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს თურქეთში მომხდარი არაადამიანური მოპყრობა ქვეყანაში მომხდარი გადატრიალებების დროს, მხოლოდ წლის დასაწყისში, აქვს ნახსენები. ირაკლი ლომიძე აცხადებს, რომ წლის ბოლოს თურქეთში წამების ფაქტები აღარ დაფიქსირებულა.
„გაუგებარია ჩვენთვის ახლა „Amnesty International“-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რამდენადაც, ჩვენს მიერ, როდესაც გაანალიზებული იქნა სპეციალური მომხსენებლის ანგარიში, "Amnesty International“-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციასთან დადარების შედეგად გამოვლინდა, რომ მხოლოდ ნაწილობრივ იყო ეს ინფორმაცია ჩადებული მათ ანგარიშში. იმდენად, რამდენადაც, გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს გადატრიალების პირველ კვირებში არსებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით ნამდვილად ჰქონდა პრობლემატიკა დაფიქსირებული და ნამდვილად ჰქონდა წამების ფაქტები დაფიქსირებული, რომელიც წლის ბოლოსთვის ფაქტობრივად უწერია, შემიძლია, ციტირება გაგიკეთოთ, რომ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას საერთოდ ადგილი აღარ ჰქონდა,“ - განაცხადა ირაკლი ლომიძემ.
დემირელის კოლეჯის მენეჯერს და მის ოჯახს რამდენიმე დღის წინ დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა. უწყებამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში არაადამიანური მოპყრობის საფრთხე არ ემუქრება, რასაც, უწყების განცხადებით, ბოლო დროს თურქეთის ციხეებში ჩატარებული საერთაშორისო მონიტორინგიც ცხადყოფს.