18 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
რუსული ოკუპაცია და მცოცავი ანექსია - ევროპელი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ანტიანექსიური სტრატეგიის შექმნისკენ მოუწოდებენ 

საქართველოს ხელისუფლებას მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ სტრატეგიის დაუყოვნებლივ შემუშავებისკენ მოუწოდებენ ევროპელი ექსპერტები.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, სტრატეგია, თუ როგორ გეგმავს ქვეყანა რუსეთის ქმედებებთან წინააღმდეგობის გაწევას, საქართველოს არ გააჩნია.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული პრობლემების ცნობადობა გაიზარდოს ქვეყნის გარეთაც. 

„ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოში არ არსებობს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა შეძლებს, მსგავს აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს. სწორედ გარკვეული სტრატეგიის, პლატფორმის შემუშავება არის დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მიზანი, რასაც ექსპერტებთან, ხელისუფლების და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის ცნობადობა გავზარდოთ საქართველოს ფარგლებს გარეთაც,“ - აცხადებს კონრად ადენაუერის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი, ბენიამინ ფრიკე.

საკითხზე ადენაუერის ფონდი დღეს საქართველოს ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად შეხვედრას მართავს. მასზე მიწვეული არიან აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე უშიშროების საბჭოს წევრები.

„რუსული ოკუპაცია და მცოცავი ანექსია არის ის მთავარი თემა, რომელსაც ბევრი პასუხი უნდა გაეცეს. ერთ ის, რომ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის შეკავება, რა სტრატეგია უნდა შეიმუშაოს მთავრობამ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრებთ ამაზე. რუსეთი არის მთავარი საფრთხე, რაც ჩვენს ხელისუფლებას ჯერ არ უღიარებია, სამწუხაროდ, ფორმალურად. ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, შემდეგ უნდა იყოს სტრატეგია და ამ სტრატეგიის განსახორციელებლად პოლიტიკური ნება და ინსტიტუციონალური მექანიზმები,“ - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.

დღის ამბები