5 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლო ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წევრებს შორის არაფორმალურ გარემოში შეხვედრებს ეხმაურება. ისინი "რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ფოტოებს ეხმაურებიან, სადაც ერთ-ერთ რესტორანში გადაღებულ ფოტოზე, ლევან მურუსიძის შემცვლელი, გიორგი მიქაუტაძე უმრავლესობის დეპუტატ, ვანო ზარდიაშვილსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად არის აღბეჭდილი.
მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები სასამართლო ხელისუფლების ობიექტურობაზე ეჭვებს ბადებს და ვარაუდს გამოთქვამენ, რომ მსგავსი არაფორმალური ურთიერთობა სასამართლო სისტემის გავლენიან პირებთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს საფუძვლიან ეჭვებს სასამართლოს გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების შეთანხმებული მოქმედებების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ არაფორმალურ ურთიერთობებს.
"რუსთავი 2" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
"არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით 10 ივლისს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივან, გიორგი მიქაუტაძის შორის არაფორმალურ გარემოში შეხვედრაა ასახული. მედიაში ასევე გავრცელდა ფოტო, სადაც საბჭოს ახალი მდივანი, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან და მთავარი პროკურორის მოადგილესთან ერთადაა გადაღებული.
"არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ დღეის მდგომარეობით სასამართლოს სისტემის უმთავრეს პრობლემას კლანური მმართველობა წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არის მხარდაჭერილი. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან საკონტაქტო პირს მმართველი ძალიდან სწორედ ვანო ზარდიაშვილი წარმოადგენს. ვანო ზარდიაშვილს ახლო ნათესაური და მეგობრული კავშირები აქვს სასამართლო სისტემის ყველაზე გავლენიან პირებთან მიხეილ ჩინჩალაძესა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის შემცვლელ გიორგი მიქაუტაძესთან. ასევე, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეების საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
"ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი არაფორმალური ურთიერთობა სასამართლო სისტემის გავლენიან პირებთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს საფუძვლიან ეჭვებს სასამართლოს გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების შეთანხმებული მოქმედებების შესახებ. ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ამგვარი არაჯანსაღი დამოკიდებულებით, ეჭქვეშ დგება ხელისუფლების დანაწილების და სხვადასხვა შტოების მიერ ურთიერთკონტროლის კონსტიტუციური პრინციპების არსებობა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების განვითარების პერსპექტივებს ქვეყანაში.
"გარდა ამისა, საზოგადოებაში უკიდურესად ამცირებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობას, განსაკუთრებით იმ გახმაურებულ საქმეებში, რომლებშიც ხელისუფლების ინტერესები იკვეთება. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და შესაბამის ორგანოებს, სათანადო ყურადღება მიექცეს მსგავს არაფორმალურ ურთიერთობებს. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი პრაქტიკა გაგრძელდება და ხელისუფლება სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების რეალურ პოლიტიკურ ნებას არ გამოავლენს, ყოველგვარი შემდგომი რეფორმა ისევე დაკარგავს აზრს, როგორც ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო აქამდე სამ „ტალღად” განხორციელებულმა საკანონმდებლო რეფორმებმა," - აღნიშნულია მესამე სექტორის წარმომადგენლების გავრცელებულ განცხადებაში.
"განცხადებას 5 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს: "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი".