80 წლის მედეა იაშაღაშვილი მერიის მხრიდან, საკუთარი ქონების მითვისებაზე და შემდეგ მის გაყიდვაზე საუბრობს. სასამართლომ თბილისის მერია უკანონოდ მიწის ჩამორთმევაში დამნაშავედ სცნო და მედეა იაშაღაშვილისთვის ალტერნატიული ტერიტორიის გამოყოფა დაავალა, თუმცა ამ დრომდე იაშაღაშვილი არც საკუთარ მიწას და არც ალტერნატიულ ფართს ფლობს. მოხუცი, სასამართლო დავის მოგების მიუხედავად, მაინც ქონების გარეშეა დარჩენილი.
მედეა იაშაღაშვილს, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მერიამ ისე ჩამოართვა და ქონების მართვის ბალანსზე გააფორმა, რომ მფლობელისთვის არც შეუტყობინებია. რამდენიმე დღეში 2500 კვადრატულამდე მიწის ნაკვეთი სასწრაფო წესით აუქციონზე გაიტანა და გაყიდა. სასამართლოში დავა სახელწოდებით ”იაშაღაშვილი მერიის წინააღმდეგ” სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
რამდენიმე თვიანი დავა სასამართლოში იაშაღაშვილის სასარგებლოდ დასრულდა. საქმეში კიდევ ერთი სახელმწიფო უწყება ფიგურირებს - საჯარო რეესტრი. ადვოკატებმა ასევე გამოავლინეს, რომ საჯარო რეესტრმა მერიას დოკუმენტი გადაუგზავნა, რომ მიწაზე პრეტენზია არავის აქვს და ის სახელმწიფო საკუთრებაა. ეს მაშინ, როცა ამავე უწყების მიერ აუქციონის გამოცხადებამდე გაცემულ დოკუმენტებში წერია, რომ მიწა ტაბახმელაში მედეა იაშაღაშვილის მეუღლეს, თეიმურაზ იაშაღაშვილს ეკუთვნის.
მერიაში კანონდარღვევას არ იღიარებენ, თუმცა მზად არიან დაზარალებულ მხარეს ალტერნატიული მიწის ნაკვეთი მაინც გადასცენ.