რუსეთი საერთაშორისო მოლაპარაკებების ორმხრივი დიალოგის ფორმატში გადატანას ცდილობს - ასე აფასებენ ქართველი ექსპერტები სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ანალიტიკოსების აზრით, დიალოგის ორმხრივი ფორმატით რუსული მხარე იქნება მოგებული და საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი სურვილების შესრულებას აიძულებს.
„არაფერი განსაკუთრებით გასაკვირი ლავროვის ამ განცხადებებში არ არის, ლავროვი გამოდის იმ ყოველდღიური რეალობიდან, რომლითაც რუსეთი მუშაობს. რუსეთს უნდა, რომ საერთაშორისო დიალოგები გადაიტანოს ორმხრივ დიალოგებში, ეს მათთვის არის ძალიან მისაღები იმიტომ, რომ ეს იქნება დიალოგი ძალიან ძლიერის ძალიან სუსტთან და დაგვაძალებენ და გვაიძულებენ ყველაფერს რაც უნდათ,“ - განაცხადა "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა" ნოდარ ხარშილაძემ.
ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას ურჩევენ.
„ჯერჯერობით საქართველოს ახალმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ მათთვის ესიამოვნებინა. რაღაცნაირად დააცხრო რიტორიკა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველანაირად შეუწყო ხელი, რომ აღმდგარიყო კულტურული კავშირები, ვაჭრობა. ესეც არ მოსწონს როგორც ჩანს რუსეთს და უნდა, რომ ვაღიაროთ ახალი რეალობა, როგორიც არის დამოუკიდებლობა ცხინვალის და სოხუმის,“ - აცხადებს "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი" თორნიკე შარაშენიძე.