18 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
ეს საქმეც დიდად არ განსხვავდება სხვა ე.წ. ჩადების საქმეებისგან - გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ბუპრენორფინის" მოხმარებისთვის დაკავებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერი აქცია დედა ენის ბაღში გაიმართება. მანამდე კი, დაკავებულის მეგობრებმა, ახლობლებმა და "თეთრი ხმაურის" წევრებმა პრესკონფერენციაზე ხვალინდელი პროცესის დეტალებზე ისაუბრეს.

გიორგანაშვილის ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, საქმეში არა ერთი დარღვევა იკვეთება და სხვა დაკავებების მსგავსად, მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაზეა დაფუძნებული.

„ეს საქმეც დიდად არ განსხვავდება სხვა ე.წ. ჩადების საქმეებისგან, ამ საქმეშიც ზუსტად იდენტური სიტუაცია არის. საქმეში არ არსებობს არცერთი სხვა ნეიტრალური, ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გიორგი გიორგანაშვილის კავშირს მისგან „ამოღებულ“ ნივთიერებასთან,“ - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

დაკავებულის მეგობრები და მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტები ყველას მოუწოდებენ, რომ დღეს 7 საათზე დედა ენის ბაღში მხარი დაუჭირონ მსახიობს, რადგან მათი თქმით, ის უკანონო პატიმარია.

„დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ დასრულდა გამოძიება, მას არ აძლევენ უფლებას, რომ ზარი განახორციელოს, რატომღაც უზღუდავენ კანონით მინიჭებულ უფლებას, ეს არის სამართალდარღვევა. სახალხო დამცველი და სხვა უფლებადამცველები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით. ადვოკატებმა მოიპოვეს მისი საზოგადოებისადმი მიმართვა, რაც დღეს აქციაზე სავარაუდოდ გაჟღერდება,“ - განაცხადა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა.

გიორგი გიორგანაშვილის დაახლოებით 5 თვის წინ დააკავეს.

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები