დეზომორფინის შეძენა-შენახვისთვის სასჯელი პატიმრობა უქმდება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. დღეს სასამართლომ "ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმეზე იმსჯელა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, 0,0009 გრ. დეზომორფინის შეძენა-შენახვა მოხმარება ამ დრომდე პატიმრობას 5-დან 8 წლამდე ითვალისწინებს. ბახუტაშვილს რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ ვადით ემუქრებოდა პატიმრობა.
“ყველამ უნდა ვიაქტიუროთ, რომ ავადმყოფი ადამიანები არ წავიდნენ ციხეში,“ - აღნიშნა ბახუტაშვილმა.
დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, აქტიურად მუშაობენ. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხელს შეუწყობს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას.
პარტია „გირჩის“ წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.
„უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, სასამართლოს გამჭვირვალედ და ღიად ეთქვა ის, რომ არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც საკმარისი არ არის ნარკოტიკული თრობისთვის, არ უნდა იყოს დასჯადი მისი შენახვა,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.