აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომლის დროსაც ჯანო კახიძის ცენტრის ჩამოშლილი ფასადის ნაწილი ახალგაზრდა გოგოს დაეცა, გამოძიება დაიწყო.
პაციენტი მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.
შენობის არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი იმ წლებს იხსენებს, როდესაც ჯანო კახიძის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია ჩაატარეს. ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაარსებულ „ქართუ ფონდს“ 2003 წელს დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად 7 წელის დასჭირდა. 2010 წელს შენობის რეაბილიტაცია დასრულდა და დანახარჯმა რამდენიმე ათეულ მილიონს მიაღწია.
შენობის ფასადი უსაფრთხო არც ახლა არის. მუსიკალურ ცენტრს ოთხივე კედელზე აქვს ბზარები. 2011 წელს, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისას, სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ „ქართუ ჯგუფის“ ახლად აღდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც 7 წელი არემონტებდნენ, განახლებას აღარ საჭიროებდა და მხოლოდ ფასადის ზედაპირული დამუშავება მოახდინეს.
ინციდენტიდან მალევე, რაიონის გამგებელმა განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია ჩაატარა, თუმცა გამგებელს გამორჩა რომ, შენობის აღდგენა აღმაშენებლის რეაბილიტაციამდე „ქართუ ჯგუფმა“ მოახდინა.
ამ დროისთვის შენობის მიმდებარედ საფეხმავლო გზა ამკრძალავი ლენტებით არის გადაკეტილი.