საქართველოს პარლამენტში სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი დაიწყო. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური პროპაგანდაა.
ფორუმის მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ნიდერლანდებიდან და დიდი ბრიტანეთიდან განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა დეზინფორმაციის გამოყენება ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური პროპაგანდის მიზნებისთვის.
"ფორუმი ორ ძირითად თემას ეძღვნება: პირველი დღის თემა არის ანტიდემოკრატიული პროპაგანდა ჩვენს რეგიონში. ხოლო მეორე დღე უკვე ეძღვნება იმ ციფრულ ტექნოლოგიებს, რომლებიც ეხმარება პოლიტიკურ პარტიებს მთავრობებს და პარლამენტს საკუთარი დემოკრატიული ეფექტურობის გაზრდის საქმეში“, - აცხადებს ნიმდ-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის დირექტორი, ლევან ცუცქირიძე.
ხვალ დილის 10:00 საათიდან ფორუმის მონაწილეები განიხილავენ ციფრული საშუალებების როლს ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან ბრძოლაში და იმსჯელებენ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, უკრაინის და ევროკავშირის მხრიდან ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.
სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი არის პოლიტიკური დებატების მნიშვნელოვანი პლატფორმა რეგიონის მომავალი გადაწყვეტილების მიმღებთათვის.