ევროპარლამენტარი და ევრონესტის თანათავმჯდომარე საქართველოს მოუწოდებს, რომ დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ანკარას არ გადასცეს. რებეკა ჰარმსის განმარტებით, მასწავლებელს, რომელსაც თურქეთში ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაციის წევრობისთვის დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს, ოფიციალურმა თბილსმა თავშესაფარი უნდა მისცეს.
გლდანის ციხიდან დაბრუნების შემდეგ, რებეკა ჰარმსი დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრებს შეხვდა. ევროპელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს, პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მიენიჭოთ საქართველოში ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში.
ევროპელი პარლამენტარის ციხეში ვიზიტი და მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვან გზავნილად შეაფასა დაკავებულის მეუღლემ. თუბა ჩაბუქს მიაჩნია, რომ ამ ვიზიტმა მას ციხეში ქმართან შეხვედრა გაუადვილა.
ევროპელი დეპუტატი მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და სხვა პატიმრების საკითხზე მსჯელობას, რომლებსაც თურქეთში ექსტრადიცია ემუქრებათ, ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებასთან გააგრძელებს.
საქართველოში დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს. ის დაახლოებით ერთი თვეა წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.