18 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ავარია ტრაბზონთან - 4 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, გამომწვევი მიზეზების მოკვლევა კი დაწყებულია

ტრაბზონთან მომხდარი ავარიის შემდეგ დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე 4 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, დანარჩენები კი საქართველოში დღესვე წამოვლენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ერთი მშობლისთვის კი ტრავმის შედეგად მოწყვეტილი კიდურის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი ბავშვებით სავსე ავტობუსი დღეს გამთენიისას 05:00 საათზე ტრაბზონიდან 120 კილომეტრში გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავტობუსში ცეკვის ანსამბლის "ლამპრების" წევრები იმყოფებოდნენ.

ანსამბლის წევრები და მშობლები ყვებიან, რომ შემთხვევის დროს ეძინათ, ამიტომ ავარიის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

„ერისიონთან“ არსებული საბავშვო ცეკვის ანსამბლი ბულგარეთში ფესტივალზე მიდიოდა. ავტობუსის მძღოლი საქართველოში იყო დაქირავებული. ავარიის გამომწვევი მიზეზის რამდენიმე ვერსია ვრცელდება. თურქული მედიის ცნობით, ავტობუსს ბორბალი გაუსკდა, რის გამოც, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.

იყო თუ არა ავტობუსი გამართული და რა გახდა ავტოავარიის მიზეზი, ამაზე გამოძიება თურქეთში უკვე დაიწყო და მოწმეები დაკითხვაზეც იმყოფებოდნენ.

ავტორი: გვანცა სუთიძე, თეა ვარშალომიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები