რეგიონებში 47 პროცენტს ბუნებრივი აირის ტარიფი გაეზარდა. ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამის შემდეგ კომპანიები აღარ დაადგენენ ტარიფს ე.წ. დერეგულირებულ მომხმარებლებს, რომლებიც ქსელში 2007 წლიდან ჩაერთვნენ.
ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა მომხმარებელი ერთი ტარიფით ისარგებლებს. დღეს უწყებაში ასევე განმარტეს, რომ ყაზტრანსგაზთან წლების განმავლობაში არსებული მემორანდუმი გაუქმდება და ბუნებრივი ტარიფის სუბსიდირებას თბილისში ხელისუფლება აღარ მოახდენს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი, აცხადებს, რომ თბილისში ტარიფი ნახევარი თეთრით გაიზრდება.
„ეფექტური ტარიფი თბილისში იზრდება მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი თეთრით. დერეგულირებული სეგმენტი აღარ იქნება საერთოდ და იქნება რეგულირებული ტარიფი ანუ განსხვავება მომხმარებლებში, ასე ვთქვათ, დიფერენცირება აღარ იქნება და მხოლოდ ერთი უნიფიცირებული ტარიფი იქნება მოქმედი, დღეს რაც გამოცხადდა იმ ნაწილში, როგორც ერთი სარეალიზაციო არეალისთვის საქორგაზისთვის და მეორე სოკარ ჯორჯია გაზისთვის,“ - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა, აღნიშნავს, რომ რეგიონების მიხედვით ტარიფებს შორის სხვაობა აღარ იარსებებს და თავად სემეკი დაადგენს ერთიან ტარიფს.
„ახლა ჩვენ დავადგინეთ ერთიანი ტარიფები და, შესაბამისად, ეს განსხვავებები რეგიონების მიხედვით ტარიფებს შორის აღარ იარსებებს,“ - განაცხადა ირინა მილორავამ.
სოკარ ჯორჯია გაზის გენერალური დირექტორი ტარიფების გადახედვას პოზიტიურად აფასებს.
„ტარიფის გადახედვას პოზიტიურ ნაბიჯად განვიხილავთ. რადგან მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ბაზრის დასარეგულირებლად... ზუსტი რიცხვი რამდენიმე წუთის წინ დასახელდა და დრო გვჭირდება გასაანალიზებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენს სამუშაოში რაღაც სახის ცვლილებებს შევიტანთ,“ - აცხადებს აზერ მამადოვი.