18 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
სიძულვილი და მუქარა - გია კორკოტაშვილი საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ მისულა

ქართული მარშის ორგანიზატორს საგამოძიებო უწყებაში დღეს ელოდებიან. თუმცა, ის თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ დრომდე არ მისულა. გია კორკოტაშვილის მიმართ, გამოძიებას შეკითხვები გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო აქვს.

გია კორკოტაშვილი ამჯერად პირდაპირ ეთერში იმათ ემუქრება, ვინც სოციალურ ქსელში თათია დოლიძისადმი მისი მუქარა გააპროტესტა. ქართული მარშის ორგანიზატორების facebook მიმოწერის შემდეგ, ეს კორკოტაშვილის პირველი კომენტარია ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მან მხოლოდ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გააკეთა.

ის, რომ მიმოწერა სწორედ მას ეკუთვნოდა, გია კორკოტაშვილმა დღეს „კურიერთან“ სატელეფონო საუბრის დროსაც დაადასტურა. ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი თვლის, რომ მუქარას მისი და მისი მეგობრების საუბარი არ შეიცავდა. აქედან გამომდინარე მისთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

დაკითხვაზე პოლიციაში უკვე იმყოფებოდნენ მუქარის შემცველი დიალოგის კიდევ ორი მონაწილე - რამაზ გაგნიძე და ბექა ვარდოსანიძე. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გაგნიძე თვლის, რომ მის მოსაზრებაში შეურაცხმყოფელი არაფერი ყოფილა.

ის, რასაც მეგობრებს შორის აზრთა გაცვლას ეძახიან ქართული მარშის ორგანიზატორები, აშკარა სიძულვილის ენის გამოყენებად შეაფასა სახალხო დამცველმა.

გამოძიების შედეგების არ სჯერა ოპოზიციას. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ დარწმუნებული არიან, რომ ქართული მარშის ორგანიზატორები სწორედ ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

დღის ამბები