„დღეს აზერბაიჯანში პრესის პროფესიულ დღეს აღვნიშნავთ. სამწუხაროა, რომ ეს არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც სიტყვის და მედიის თავისუფლება არის ძალიან დაბალ საფეხურზე,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ, საპროტესტო აქციაზე გააკეთა და საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივასაც გამოეხმაურა.
აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია ლეილა მუსტაფაევამ უფლებადამცველებთან ერთად გამართა. აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან ყველა იმ ჟურნალისტის ფოტო მიიტანეს, ვინც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ პროფესიული საქმიანობის გამო იდევნებიან. მათ შორის იყო აფგან მუხთარლის ფოტოც.
ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტების ნაწილი დაშინებული, ნაწილი კი მოსყიდულია.
„აზერბაიჯანში ჟურნალისტების ის ნაწილი, რომლებიც ჩუმად არიან და მხარს უჭერენ მთავრობას, პრეზიდენტის მიერ ფინანსდებიან და მათ ბინებსაც კი ჩუქნიან, ისინი კი ვინც ასე არ იქცევიან და არ წყვეტენ პროფესიულ აქტიურობას, იდევნებიან და აპატიმრებენ. ასეთია სწორედ აფგანის შემთხვევა. 2 თვეა გასული, რაც ის თბილისიდან გაიტაცეს და დღემდე არაფერი ვიცი, პოლიციამ წაშალა ყველა კვალი, რომელიც მომხდარს უკავშირდება. მართალია, საქართველოს პროკურატურამ გადაიბარა გამოძიება, მაგრამ ვითარება უცვლელია. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის ჩართულობას ამ პროცესში, ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ.
აქცია ჟურნალისტის მეუღლემ სიმბოლურად დღეს გამართა. აზერბაიჯანი 22 ივლისს პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს.