თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე ერთსა და იმავე დროს დაანონსებული 2 აქციის გამო, „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებს ადგილმდებარეობის ან დროის შეცვლას სთხოვს.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მთავრობამ აქციის ადგილის ან დროის შეცვლას იმ ორგანიზატორებს სთხოვს, რომლებმაც მერიაში წერილი უფრო გვიან შეიტანეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ 2 აქცია იყო ერთდროულად დანიშნული, მეორე აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც გვიან შემოიტანეს წერილი, ჩვენ ვაცნობეთ, რომ ამ დროს, ამ ადგილას ზუსტად იყო აქცია დანიშნული, ყველას აქვს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილას იგივე დროს იყო დანიშნული აქცია და ან დრო შეეცვალათ ან ადგილი შეეცვალათ, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ეს 2 აქცია,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.