სპორტის სამინისტროში აუდიტორული შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ უწყებაში ხელფასებისა და დანამატების გაცემის კუთხით, მნიშვნელოვანი დარღვევებია. სამინისტროსთან არსებულ „ფეხბურთის განვითარების ფონდში“ თანამშრომლები გაორმაგებულ ხელფასებს იღებენ. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ არ იცოდნენ, რომ ამხელა ხელფასების გაცემით კანონს არღვევდნენ.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში განსაკუთრებული ყურადღება ფონდის დირექტორის, ზაზა დოლიძის ხელფასს ეთმობა, რომელიც თვეში 6 250 ლარს შეადგენს. ასევე კანონთან შეუსაბამოდ გაორმაგებულია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის პირველი მოადგილის, აკაკი ლოდიას ხელფასი.
სამინისტროში ასევე ყოველთვიურად ირიცხება დანამატები. უწყებაში აცხადებენ, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა აამუშავეს და 2015 წელთან შედარებით ხარჯები 50 ათასი ლარით შეამცირეს.
აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, სპორტის სამინისტროში ჩინოვნიკებს პერსონალური მანქანები ემსახურებათ, თუმცა თანამდებობრივად მათ ეს არ ეკუთვნით. უწყებაში ასევე ფიქსირდება სამივლინებო თანხების ზედმეტად ანაზღაურების არაერთი ფაქტიც.