დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება. საუბარია დღეს მშენებარე კორპუსიდან მამაკაცის გადმოვარდნის ფაქტზე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისის მერი ამბობს, რომ რეგულაციები გასამკაცრებელია და უკვე მიმდინარეობს ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა.
„რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ეს გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ახალი კანონმდებლობით, რომელის განხილვაც მიმდინარეობს. მანამდე არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე იყოს მინიმალურად აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები დაცული," - აცხადებს დავით ნარმანა.
თუმცა, დავით ნარმანიას თქმით, ხშირ შემთხვევაში სამშენებლო კომპანიების მხრიდან არ ხდება მშენებლობის ობიექტებზე მინიმალური უსაფრთხოების ზომების დაცვა.
"კომპანიები ხშირ შემთხვევაში დაუდევრად იქცევიან, არ არის შესაბამისი საკითხები დარეგულირებული და მოწესრიგებული. ასე რომ, მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდნენ თავიანთი დასაქმებულების ინტერესებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.