საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ "Black Sea Arena"-ზე გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელის დაჯილდოების საშუალება არ მიეცათ, კულტურის მინისტრი ეხმაურება. მიხეილ გიორგაძე პირველ განცხადებას აკეთებს.
მიხეილ გიორგაძე ადასტურებს, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციას თეონა ცირამუას დაჯილდოების თხოვნით თავად მიმართა, თუმცა მინისტრის მტკიცებით, დაჯილდოების ფორმატი და დეტალები მისთვის უცნობი იყო.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაჯილდოების ცერემონიის ადგილი კონცერტზე ბიძინა ივანიშვილის დასწრების გამო გადაიტანეს, გიორგაძე სპეკულაციად მიიჩნევს.
მანამდე, კულტურის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თეონა ცირამუასთვის პრეზიდენტის ჯილდოს თაობაზე არაფერი იცოდნენ.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციას წარდგინებით სწორედ მე მივმართე ღირსების ორდენზე. თუმცა, ამ წერილში არ ყოფილა, რომ რამე კონკრეტულ ლოკაციაზე საუბარი. მე ვიცოდი რა თქმა უნდა, რომ ეს ერთ-ერთი ვერსია იყო, კონცერტის წინ თუ კონცერტის მერე თუ საერთოდ არენაზე, ერთ-ერთი ვერსია, როგორც მოგახსენეთ სწორედ ეს იყო, თუმცა მგონია, რომ უბრალოდ მგონია, რომ აქ ტექნიკურად ვერ დალაგდა ან ვერ დალაგდა, ვერ გეტყვით,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.