პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, არასამთავრობოები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, პარლამენტის მიერ მიღებული ნორმა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
სარჩელს 30 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების გაბათილებას ითხოვს, რაც თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებას ითვალისწინებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია არის, რომ ყველა სამართლებრივი გზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ადგილობრივი თვითმმართველობით სარგებლობა და ამის ერთ-ერთი გზა შესაძლოა, იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით დადგენილებაზე დავა. ბუნებრივია, აქ პარლამენტარების როლი არის მნიშვნელოვანი და პარლამენტარებმა უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს,“ - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორი გეგმავს გაასაჩივროს ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც ცესკოში გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლების რაოდენობა იზრდება.