"ბავშვთა სამყაროს" დირექტორს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. სასამართლო ამის შემდეგ, გიორგი მაჭავარიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პარალელურად, პროკურატურასთან ორი აქცია იმართება.
პროკურატურის ერთ მხარეს შეკრებილები არიან მაჭავარიანის მხარდამჭერები, აქციონერები, მეგობრები და ოჯახის წევრები. მათი თქმით, მაჭავარიანი არის უკანონოდ დაპატიმრებული და ეს არის იმ რეალური დამნაშავის გეგმის ნაწილი, ვინც რეალურად დაწვა "ბავშვთა სამყარო".
მათივე თქმით, "ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციას ჰქონდა შესაბამისი ზომები მიღებული და იქ დაცული იყო უსაფრთხოების ზომები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ მაჭავარიანს არ გაათავისუფლებენ, ისინი აქციების გააგრძელებენ.
პროკურატურის მეორე მხარეს შეკრებილები არიან "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეები. მათი თქმით, გიორგი მაჭავარიანთან ერთად უნდა დააკავონ ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. მათი მთავარი მოთხოვნა კი უცვლელია, ისინი ზარალის სრულ ანაზღაურებას ითხოვენ.
გიორგი მაჭავარიანის უფლებადამცველის გაგი მოსიაშვილის თქმით კი, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომელიც მაჭავარიანის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
”იმის ნაცვლად, რომ საგამოძიებო უწყებამ ამ მიმართულებით იმუშაოს და დაადგინოს განზრახ დანაშაულის ჩამდენი პირი, დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ დაკავებულია სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი, მაშინ როდესაც ამასთანავე არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილი ფაქტია, ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ არ არსებობს უსაფრთხოების რაიმე ნორმა დარღვეული,“ - განაცხადა მოსიაშვილმა.
ავტორი: თაკო სურგულაძე