ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე და ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის მეგობარი, ტატო შავშიშვილი „კურიერთან“ იმ დეტალების შესახებ საუბრობს, რომლებიც საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებსა და დაკავებულ დეკანოზს ეხება.
ტატო შავშიშვილი საპატრიარქოს უსაფრთხოების საორგანიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, ის მამა გიორგის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე შეხვდა და როგორც თავად აცხადებს, მას გერმანელ ექიმებთან წასაღები სასაჩუქრე ღვინო გადასცა. შეხვედრა 9 თებერვალს შედგა, ამ პერიოდში მამა გიორგი მამალაძეს უკვე უთვალთვალებდნენ და სავარაუდოა, რომ გამოძიებამ ყველა დეტალის შესახებ იცოდა. შედეგად, ამ, როგორც ძალოვან უწყებებში აცხადებენ, „კონსპირაციული“ შეხვედრის გამო, ტატო შავშიშვილის ბინა გაჩხრიკეს. თავად საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლია.
შავშიშვილი აცხადებს, რომ მამა გიორგის თავდებით გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქს პოლიტიკური ჩარევისა და დეზინფორმირების შედეგად გადააფიქრებინეს. მისი თქმით, პოლიტიკოსთა საპატრიარქოში სტუმრობა მხოლოდ დეკანოზის დაკავების შემდეგ არ დაწყებულა.
„ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად დადიოდნენ საპატრიარქოში,“ - აცხადებს ტატო შავშიშვილი.
ის კონკრეტულ პოლიტიკოსებზე არ საუბრობს, რომლებმაც პატრიარქის გადაწყვეტილებაზე იმოქმედეს, რადგან ფიქრობს, რომ ეს საპატრიარქოს იმიჯს კიდევ უფრო შეულახავს.
საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი საპატრიარქოს შიგნით არსებულ პრობლემებზე, კერძოდ, ფინანსურ, სასულიერო იერარქიის მაღალ პირებთან და პატრიარქის მდივან-რეფერენტთან, შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებულ პრობლემებზეც საუბრობს. ის აცხადებს, რომ თავად, ისევე, როგორც მამა გიორგი მამალაძე, პრობლემებს კარგად იცნობდა და ერთად ეს საკითხები ხშირად განუხილავთ.
ავტორი: ნოდარ მელაძე.