18 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
ღირსეული პარტნიორი 2017 - ნატოს მრავალეროვნული სწავლება იწყება

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს მრავალეროვნული სწავლება ღირსეული პარტნიორი 2017 ოფიციალურად გაიხსნება. 

წვრთნებში ალიანსის წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა ორი კვირის განმავლობაში იქნება ჩართული. სწავლებაში ამერიკული და გერმანული სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება. გახსნის ოფიციალურ ცერემონია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები დაესწრებიან.

საქართველოს მთავარსარდალი, გიორგი მარგველაშვილი, ცოტა ხანში სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს.

პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

სწავლება საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატო-ს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდასა და NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. 

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა - საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა მიიღებს მონაწილეობას. 

ამასთან, სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. 

პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი  ბოქსერი ჩაერთვება. წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები აბრამსები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები ბრედლი და სტრაიკერი, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

სწავლება ღირსეული პარტნიორი 2017 ხვალიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება. 

დღის ამბები