ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, ნადარეიშვილის ქუჩაზე ავარიულ სახლში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობა შენობის გამაგრებას დაუყოვნებლივ ითხოვს.
„აღარ არის უკვე სასიცოცხლო პირობები აქ. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, არავინ,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, ქნარიკა ჩაყაშვილი.
ნადარეიშვილის 5 ნომერში 25 ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მოსახლეობა აცხადებს, რომ უკვე წლებია, შიშით იძინებენ.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსი 2014 წელს მერიის პროგრამაში შენობის გამაგრების 100%-იან დაფინანსებაში ჩასმული იყო.
„წარმოუდგენელია, რომ ჩვენს გვერდზე 21-ე საუკუნეში ადამიანები ცხოვრობენ, არც მეტი, არც ნაკლები, სიცოცხლის საფრთხის ქვეშ. ინგრევა კედლები, მოდის წვიმა ზუსტად ისე, როგორც ქუჩაში, არის საფრთხე, რომ ერთი კედელი საერთოდ გადავარდეს და ამ პირობებში მთელ სახელმწიფოს აქვს დახუჭული თვალი ამ ადამიანების პრობლემებზე,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.