18 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
საპატრიარქოს კაპიტალი - 62 700 ჰექტარი უძრავი ქონება და მილიონობით გადარიცხული თანხა

ეკლესია, თავისი არსებობის ისტორიაში, არსებული მონაცემებიდან, დღეს ყველაზე მეტ მიწას ფლობს.

ჟურნალ ინდიგოს მიერ მოპოვებული, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 4 აგვისტოდან გახდება. აქ საპატრიარქოს ქონების, მისთვის გადაცემული საჩუქრების, ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხისა და სინოდის კონკრეტული წევრების ინტერესების ნაირსახეობის მასშტაბის დანახვა პირველად იქნება შესაძლებელი.

ამ ინფორმაციის საჯარო რეესტრიდან მოპოვებაზე რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობდა. თუმცა, 2017 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ე.წ. ციანიდის საქმე გახმაურდა, იუსტიციის საბჭომ პროექტის წარმომადგენლებს ინფორმაციის მიწოდება შეუწყვიტა.

რამდენიმე თვის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ საპატრიარქოს სახელზე რეგისტრირებული 62,7 კვადრატული კილომეტრი უძრავი ქონების უმეტესი ნაწილი ნაჩუქარია და ძირითად შემთხვევაში, მიწის დარეგისტრირების ინიციატორი საპატრიარქოა.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ეკლესიისთვის თანხის გადარიცხვისა და ქონების სიმბოლურ ფასად გადაფორმების ტენდენცია, ხშირ შემთხვევაში, არჩევნების წინ იკვეთება. მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე პრეზიდენტის ფონდიდან საპატრიარქოს ანგარიშზე 1 მილიონი ლარი გადაირიცხა. ეს ტენდენცია მთავრობის შეცვლის შემდეგაც გაგრძელდა.

საპატრიარქომ კაპიტალის დაგროვება 2002 წელს, საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ეკლესიას შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაიწყო.

კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო XIX-XX საუკუნეებში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს ადასტურებს და იღებს ვალდებულებას ეკლესიისთვის მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციის თაობაზე.

საკონსტიტუციო შეთანხმების მიხედვით, სპეციალურმა კომისიამ ეკლესიისადმი ზარალის ოდენობა უნდა შეისწავლოს, ქონება საპატრიარქოს ხელში 15 წლის განმავლობაში გადადის, თუმცა ზარალი დადგენილი არ არის.

პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ბაქრაძე, ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფომ რეალურად არ იცის, არის თუ არა ის რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის კანონიერი მემკვიდრე და არის თუ არა ქვეყანა პასუხისმგებელი ეკლესიისთვის ამ ზარალის ანაზღაურებაზე.

 

 

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი

დღის ამბები