18 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - გიორგი ებანოიძის თანამდებობიდან გადაყენება ბრალდებების მიზეზი გახდა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი, საკუთარ ეჭვებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ 24 ივლისის სხდომის ჩანაწერის ნაწილი საეჭვო ვითარებაში გაქრა.  ბოლო სხდომის ჩანაწერიდან საეჭვო ვითარებაში ის ნაწილი წაიშალა, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი ებანოიძე თანამდებობიდან გადააყენეს, მის ნაცვლად კი იმავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე ბადრი შონია დანიშნეს. ცვლილების ოფიციალური მიზეზი კოლეგიების გაერთიანებაა, თუმცა იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენელი კანონდარღვევაზე მიუთითებს. მჭედლიშვილს მიაჩნია, რომ საბჭოს ახალი შემადგენლობა ძველ პრაქტიკას აგრძელებს.

იუსტიციის საბჭოს წევრებმა პრეზიდენტის წარმომადგენელი ამ განცხადების გამო გააკრიტიკეს. მოსამართლე წევრებმა მჭედლიშვილი საბჭოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს.

ვახტანგ მჭედლიშვილმა დღეს 24 ივლისის სხდომის ჩანაწერის ნაწილის საეჭვო ვითარებაში გაქრობაზე გამოძიების დაწყებაც მოითხოვა. ინიციატივას მოსამართლე წევრები არ დაეთანხმნენ.

იუსტიციის საბჭოს წევრთა ნაწილი ფიქრობს, რომ ვახტანგ მჭედლიშვილი გიორგი ებანოიძეს პირადი ინტერესების გამო იცავს. სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარეობიდან გიორგი ებანოიძე იუსტიცის საბჭომ ერთი კვირის წინ ხმათა უმრავლესობით გადააყენა. გადაწყვეტილებას მხარი 3-მა არამოსამართლე წევრმა არ დაუჭირა.

ებანოიძის გადაყენებაში სამართლებრივ ხარვეზს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ ებანოიძის სახით საბჭომ მათ მიერ უმართავი თავმჯდომარე მოიშორა.

დღის ამბები