თბილისის ცენტრში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ მოკლულის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია 35 წლის მამაკაცი, რომელიც ასევე მთაწმინდაზე ცხოვრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული და გარდაცვლილი ერთმანეთს წლებია იცნობენ. რაც შეეხება მათ შორის დაპირისპირებას, ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო მიზეზი სამარშუტო ტაქსების ბიზნესს უკავშირდება.
„ისეთი კონფლიქტი, რომ სასიკვდილოდ გაემეტებინათ არავისთან არ ჰქონია. ვიცი, რომ ვიღაც ჰყავთ დაკავებული, მეტი არაფერი არ ვიცი, მეც წუხელ ჩამოვედი. დაკავებული რომ ჰყავთ ეჭვმიტანილი, ვიცი,“- განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
ნიაღვრის ქუჩაზე სამართალდამცველები დილიდან იმყოფებოდნენ, სადაც მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს. ერთ-ერთ ვერსიით, სწორედ ამ ტერიტორიაზე იქნა ამოღებული მკვლელობის იარაღი, თუმცა ამ ეტაპზე შს სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, უწყება არც მკვლელობის მოტივზე საუბრობს.