კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს თანხების გაფლანგვასა და გირგვლიანის მკვლელების გამართლებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ოქიტაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
კულტურის პალატის პრეზიდენტი პროკურატურას მიმართავს და ბოლო წლების განმავლობაში, პეტრიაშვილის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს.
„გაყიდულია, გაძარცვულია და მიტაცებულია მილიონობით ქონება. ეჭვს ბადებს, თუ ეს ადამიანი არ იქნა დასჯილი, აქ რაღაცა ცუდი ეჭვი გაჩნდება და მე არ მინდა რაღაცა ვიფიქრო, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გენერალური პროკურატურა დაინტერესდება,“ - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
მის ბრალდებებს გაერთიანებულ პროფკავშირებშიც უპასუხეს. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, თამაზ დოლაბერიძე ფიქრობს, რომ ოქიტაშვილის რიტორიკა იმაზე მიანიშნებს, რომ მას ხელისუფლების გუნდი მხარს უჭერს.
„მე ეს მიმანიშნებს ერთ რამეზე, რომ ხელისუფლების გარკვეული გუნდი მას მხარს უჭერს, რათა ერთ-ერთი იმ ინსტიტუციათაგანი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, ესეც გახდეს კონტროლირებადი მთავრობის გარკვეული ჯგუფის მიერ,“ - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.