18 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
ხანძარი შავნაბადას მთაზე - ადგილზე ავიაციას ელოდებიან

ხულოში შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისთვის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დილიდან დაიწყო ტყეში გზის გაჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მიახლოება შეძლოს.

ქრობის პროცესში 500-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს, ელოდებიან ავიაციის ჩართვასაც.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც ღია კერები მთაზე არ შეინიშნება.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში სავარაუდოდ, თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება. პატარაძის თქმით, მოლაპარაკება თურქულ მხარესთან გუშინ ღამით შედგა.

„მეხანძრეები უკვე გასულები არიან ოთხივე ლოკაციაზე. დაიწყო მუშაობა, ამავდროულად ამოსულია მძიმე ტექნიკა, დაიწყო გზის გაყვანა. ჩამოფრინდება ვერტმფრენი, უკვე მომზადებულია რეზერვუარები. შესაბამისად, სახანძრო მანქანებისთვისაც გაკეთებულია შესაბამისი რეზერვუარები წყლის. ვფიქრობ, დღის მეორე ნახევარში გვექნება კარგი სურათი. ამავდროულად, გუშინ ღამით ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება თურქულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დამატებით თურქეთიდან შემოფრინდება მეორე ვერტმფრენიც,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

საგანგებოდ შექმნილი შტაბი შავნაბადაზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

დღის ამბები