ეპისკოპოს მელქისედეკ დიაკონიძეს ისევ თაღლითობაში ადანაშაულებენ. "კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, ეპისკოპოსის მიერ თანხის მითვისებაზე საჯაროდ კიდევ ერთი დაზარალებული საუბრობს. ოჯახმა მთელი შემოსავალი, შვილის დასასაქმებლად სასულიერო პირს გადაუხადა. 70 წლის ვალენტინა მარტიაშვილი ამბობს, რომ მის შვილს - ხათუნა მარტიაშვილს პოლონეთში სამსახური ეპისკოპოსმა მელქისედეკ დიაკონიძემ შესთავაზა.
დაჰპირდა, რომ იქ ერთ-ერთ ეკლესიაში იმუშავებდა და ყოვეთვიური გასამრჯელო ექნებოდა. დასაქმების სანაცვლოდ, სასულიერო პირმა წინასწარ 1000 ევრო მოითხოვა. თუმცა, პოლონეთში ჩასულ ხათუნა მარტიაშვილს რამდენიმე დღეში უკან დაბრუნება მოუწია.
ნახევარი წლის შემდეგაც, სასულიერო პირს ოჯახისთვის თანხა არ დაუბრუნებია. სასულიერო პირისთვის 1000 ევროს გადასახდელად და შვილის პოლონეთში გასაგზავნად ვალენტინა მარტიაშვილმა წინასწარ 4 წლის პენსია აიღო.
სასულიერო პირი ქართული ეკლესიიდან რამდენიმე წლის წინ განკვეთეს, რის შემდეგაც საბერძნეთში წავიდა და იქ ერთ-ერთ ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. "კურიერმა" შვილთან დაკავშირება შეძლო, რომელსაც მამის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"კურიერის" არქივში სხვა დაზარალებულების ინტერვიუებიც ინახება, რომლებიც ეპისკოპოს მელქისედეკს თაღლითობაში ადანაშაულებენ. მიზეზი ამ შემთხვევაშიც საზღვარგარეთ დასაქმების დაპირებაა. დაზარალებულების მიმართვის საფუძველზე მოკვლევა დაწყებულია.