18 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ამ დრომდე უფლებადამცველის გარეშე არიან 

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ამ დრომდე უფლებადამცველის გარეშე არიან დარჩენილი. დაკავებულებს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ნავთობით უკანონო ვაჭრობა ედებათ. გემთმფლობელი, რომელიც წარმოშობით ბერძენია, ქართულ მხარესთან საუბარში ამტკიცებს, რომ მეზღვაურებს ადვოკატი დაუქირავა. თუმცა, საზღვაო ტრასპორტის სამსახურის წარმომადგენლის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ გენადი კომახიძე, ნუკრი ხოხბა და რომან კაკალაძე ამ დრომდე უფლებადამცველის გარეშე არიან დარჩენილი.

რაც შეეხება დაკავებულების ოჯახის წევრებს, მათ საზღვაო ტრანსპორტის სამსახურმა მედიასთან საუბარი აუკრძალა. უწყებამ მეზღვაურების ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ ჟურნალისტებთან ინფორმაციის გასაჯაროების აუცილებლობა არ არსებობს.

მეზღვაურები ორი კვირაა ლიბიაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც თურქეთიდან ლიბიის მიმართულებით მოძრაობდა, 30 აგვისტოს დააკავეს. ეკიპაჟის 11 წევრიდან 3 ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანი გენადი კომახიძე.

"კურიერს" მეზღვაურების დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია საკუთარმა წყარომ მიაწოდა. გაირკვა, რომ ინფორმაციას უკვე ფლობდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, თუმცა საზღვაო ტრანსპორტის სამსახურმა ოფიციალური განცხადება მხოლოდ "კურიერის" მიმართვის შემდეგ გააკეთა.

ტანკერი, რომელზეც ეკიპაჟის 11 წევრიდან 3 ქართველი მეზღვაური იყო, თურქეთიდან 11 ივლისს გავიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები