206-ე საბავშვო ბაღის ფანჯრიდან გადავარდნილი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. 3 წლის ბავშვი კვლავ "ინგოროყვას" კლინიკაში რჩება. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს არ აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები, მდგომარეობის სიმძიმე კი, ფილტვის დაჟეჟილობით არის გამოწვეული, რაც ჰაერის უკმარისობაში გამოიხატება.
„პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, ნევროლოგიური თვალსაზრისით აღენიშნება გაუმჯობესება. ცნობიერება შენახულია, კონტაქტურია, ნევროლოგიური დეფიციტები არ აღენიშნება. სიმძიმე განპირობებულია ფილტვის დაჟეჟილობის ფონზე განვითარებული სუნთქვის უკმარისობით, ჟანგბად დამოკიდებულია, ჩადგმულია მარცხენა პლევრის ღრუში დრენაჟი,“ - განაცხადა ექიმმა თინათინ იმერლიშვილმა.
206-ე ბაგა-ბაღის დირექტორი და ორი აღმზრდელი, გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, უკვე გაათავისუფლეს. პედაგოგების ნაწილი კი, დაკითხვაზე იმყოფებოდა.
ბაღში იმყოფებიან ბაღების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც არაგეგმიურ შემოწმებას აწარმოებენ.
"რადგან დირექტორს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, მოადგილე არის უფლებამოსილი პირი და შემოვიარეთ, დახმარება ხომ არ სჭირდებათ რამეში," - განუცხადეს "რუსთავი 2"-ს სააგენტოს წარმომადგენლებმა.