თბილისსა და საქართველოს რამდენმე რეგიონში ტერაქტების მოწყობის ბრალდებით გასამართლებული 12 პირის საქმეს პროკურატურა სასამართლოში თავიდან აგზავნის. ხელისუფლება ტერაქტის საქმეზე მსჯავრდებულების ციხიდან გათავისუფლებას უკვე მეორედ ცდილობს.
ქართულ ოცნებას ჯაშუშობასა და ტერორიზმში ბრალდებული პირების პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლება ჯერ კიდევ 2012 წელს სურდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ მსჯავრდებულები სიიდან ამერიკის საელჩოს კატეგორიული მოთხოვნით ამოიღეს.
კურიერის ინფორმაციით, შესაძლოა, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი, ტერორიზმის საქმეზე მსჯავრდებული, მერაბ ყოლბაიას, იგივე "კოჭოს" გათავისუფლება მოითხოვოს.
ყოლბაია, საქმის მასალების მიხედვით, მთავარი შუამავალი იყო ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან ევგენის ბორისოვსა და ტერაქტების უშუალო შემსრულებლებს შორის.
ადვოკატების ცნობით, ხელახალი გამოძიების დროს ტერორიზმისთვის მსჯავრდებულებმა პროკურატურას უთხრეს, რომ მათ პირველი ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მისცეს.
ბორისოვის მითითებების შესახებ, ტერაქტის უშუალო შემსრულებლის, გოგიტა არქნიას, ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ჩვენება ტერორიზმში ბრალდებულმა ზეწოლის შედეგად მისცა.
ტერაქტების მოწყობის ბრალდებით გასამართლებულთა საქმეების გადახედვის გამო, ხელისუფლებას ოპოზიცია აკრიტიკებს.
კურიერის ინფორმაციით, ტერორიზმში და ჯაშუშობაში მსჯავრდებულმა პირებმა გამოძიებას ჩვენება გლდანის მერვე დაწესებულებაში უკვე მისცეს.