აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ნინო ლომჯარიას თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს, არასამთავრობო სექტორი ეხმაურება. განცხადება ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” გაკეთდა, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პირველი მოადგილის გათავისუფლება, რომელიც პარტიების დაფინანსების თემას კურირებდა, კითხვის ნიშნებს ბადებს.
„ეს არის ძალიან პრობლემური გადაწყვეტილება, სწორედ არჩევნების წინ ორი კვირით ადრე პირველი მოადგილის გაშვება, რომელიც კურირებდა პარტიების დაფინანსების თემას და რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არავის ეჭვი არ ეპარებოდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ძალიან პრობლემატური. განსაკუთრებით თუ დავუჯერებთ იმ ცნობებსაც, რომ ქალბატონი ნინო ლომჯარია გაუშვეს და ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი ინარჩუნებს თავის თანამდებობას,“ - განაცხადა გიორგი ონიანმა.
აუდიტის სახელმწიფო სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწყო. გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას „კურიერთან“ საუბარში ლომჯარია ადასტურებს. ლომჯარიას ინფორმაციით, მას უფლებამოსილება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე შეუწყდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მექვაბიშვილმა სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.
თანამდებობას ტოვებს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კიდევ ერთი მოადგილე დევი ვეფხვაძე.
„კურიერის“ ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა წარსულში "ქართუ ბანკის" დირექტორმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა შეინარჩუნა.