18 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
დიდი ეჭვი არსებობს, რომ ინფორმაციები გავიდა ადვოკატებისგან - მამა მიქაელ ბოტკოველი სასამართლო ჩვენებების გასაჯაროებაზე საუბრობს 

„ალბათ უნდა დავამთავროთ ციანიდის საქმეზე საუბარი - ეს განცხადება საქართველოს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა.

მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე საუბარში საპატრიარქომ დიდი დრო დახარჯა, რომელიც მისივე თქმით, საპატრიარქოს შერყეული იმიჯის აღდგენას და საზოგადოების მაღალი ნდობის დაბრუნებას უნდა მოხმარდეს.

„მთელი წელი ვსაუბრობთ ამ საკითხებზე და ძალიან ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ის იმიჯი, რომელიც ეკლესიას ჰქონდა და დღეს დადგა ამ იმიჯის შერყევის სხვადასხვა გარემოებები, როგორმე დავიბრუნოთ ეს იმიჯი და საზოგადოების მაღალი ნდობა,“ - განაცხადა ბოტკოველმა.

მამა მიქაელ ბოტკოველი, სასამართლო სხდომების მედიის მეშვეობით გასაჯაროების ფაქტსაც გამოეხმაურა. საქართველოს პატრიარქის მდივანი ამბობს, რომ ინფორმაციის გასაჯაროების ფაქტთან საპატრიარქოს არაფერი აკავშირებს. მისივე განცხადებით, სასამართლო სხდომებზე მიცემული ჩვენებების გავრცელება, მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატების ინტერესში შედიოდა.

„აბსოლუტური სიბეცეა, როდესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოდან შეიძლებოდა გასულიყო ეს ინფორმაციები. საიდან შეიძლება საპატრიარქოს ჰქონოდა ეს ინფორმაციები მითხრას ვინმემ. საიდან შეიძლება, ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენდით, ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები და შესაბამისად, არც მოგვითხოვია და ვერც მივიღებდით. საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა საპატრიარქოს მასალები ან როგორ ფიქრობთ, საქართველოს საპატრიარქო ამ მასალებს რატომ მისცემდა ან „რუსთავი 2“-ს ან სხვა ტელევიზიას. დიდი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს ინფორმაციები გავიდა ადვოკატებისგან," -განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მისივე განმარტებით, საპატრიარქოს ინტერესში არ შედიოდა, პროცესის დახურვა. მისი თქმით, ეს იყო სახელმწიფოს მოთხოვნა, რადგანაც მათ ინტერესში შედიოდა, რომ არ ყოფილიყო საჯარო სხდომები.

ამავე თემაზე
დღის ამბები