18 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
საქალაქო სასამართლოს სკანდალური განჩინება ელისო კილაძის შვილის საქმეზე

საქალაქო სასამართლოს სკანდალური განჩინება ელისო კილაძის შვილის საქმეზე უკვე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა გაასაჯაროვა, მოსამართლე პირდაპირ საუბრობს სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის არაკომპეტენტურ მუშაობაზე.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულს სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მისი თქმით, გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია, რომ საქმე მიმართული იყო არა დავით ხარშილაძის, არამედ "ქრონიკა პლუსის" წინააღმდეგ.

“რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ დაცვის მხარემ გამოავლინა საგამოძიებო ჯგუფში იმაზე მეტი პოლიციელის ჩართულობა, ვიდრე ეს საქმის მასალებით იკვეთებოდა. ბრალდების მხარემ დამაჯერებლად ვერ ახსნა, თუ რატომ მალავდა საგულდაგულოდ გამოძიება იმ პოლიციელებს, რომლებიც არც თუ მწირ ინფორმაციას ფლობდნენ ჩატარებულ ოპერატიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტორი აჩენს კითხვებს საგამოძიებო ორგანოს არაკომპეტენტურობის, ანდა ბრალდებულის მიმართ გარკვეული დაინტერესების თაობაზე” - ნათქვამია განცხადებაში.

გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია, რომ საქმე მიმართული იყო არა დავით ხარშილაძის, არამედ "ქრონიკა პლუსის" წინააღმდეგ.

„საგამოძიებო ორგანოს არაკომპეტენტურობაზე ანდა ბრალდებულის მიმართ პირადი დაინტერესების თაობაზე ეჭვს აჩენს ასევე გამოძიების ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებების არასრულყოფილი სახე, კერძოდ მაშინ, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ერთი კონკრეტული სამმართველოს განყოფილება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიდის ღონისძიების განსახორციელებლად, ისმის კითხვა, რატომ არ ახდენს აღნიშნული ღონისძიების ვიდეო გადაღებას. გამოძიების ორგანოების შემდგომმა უმოქმედობამ სასამართლოს გაუჩინა ეჭვი მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სანდოობაზე.

"კერძოდ, გამოძიების ეტაპზე ამ საქმის ფარგლებში, არ იქნა მოძიებული არანაირი ინფორმაცია შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრზე შესაძლო ვიდეო კამერების და ჩანაწერების არსებობის თაობაზე, რათა მომხდარიყო ყოველგვარი ეჭვის გამომწვევი გარემოების გამორიცხვა და გაბათილება. პატაკში მითითებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხარშილაძე არის ნარკოტიკული ნივთიერების აქტიური მომხმარებელი,თუმცა სამართალდამცველები გაურკვეველი მიზეზით არ ახდენენ არც მისი ავტომობილის ჩხრეკას, რომლითაც იგი დაკავებამდე გადაადგილდებოდა, და არც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას” - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები