მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია, საქართველოს პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, არსებობს დიდი ეჭვი, რომ მედიაში გაჟღერებეული მოწმეთა ჩვენებების გასაჯაროება ადვოკატების ინტერესებში შედიოდა..
გიორგი ფანცულაია მამა მიქაელ ბოტკოველს მიმართავს. მისი განცხადებით, აღნიშნულ ჩვენებებთან წვდომა აქვს პროკურატურას, რომელსაც სასულიერო პირი ენდობა.
„მე მინდა ვუთხრა მამა მიქაელ ბოტკოველს, რომ ეს მასალები აქვს იმ პროკურატურას, რომელსაც ის ნდობას უცხადებს და ასევე იმ სასამართლოს და იმ მოსამართლეს, რომელსაც ის ნდობას უცხადებს,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ საქმის ძიების ფარგლებში მოხდეს ვინმეს დაკავება, ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარე ამის საშუალებას პროკურატურას არ მისცემს.
"როგორც აქამდე არ მივეცით ბევრის საშუალება პროკურატურას, დამიჯერეთ, არც ამ საკითხში მივცემთ იმის საშუალებას, რომ ახალი, უკანონო ბრალდებულები ჰყავდეს,“ -აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომებზე მიცემული ჩვენებების გასაჯაროებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც. რამიშვილი განმარტავს, რომ მასალები არა ადვოკატებმა, არამედ მედიამ გაასაჯაროვა.
„წესით და კანონით, როდესაც სასულიერო პირები და საპატრიარქო წესიერებას ქადაგებს და პატიოსნებას, მე მგონი პირველ რიგში, მაგათი ინტერესი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს, რომ საზოგადოებამ მართლა მოისმინოს, როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა, ისე ე.წ. დაზარალებულმა შორენა თეთრუაშვილმა და ყველა იმ მაღალმა იერარქიულმა სასულიერო პირებმა. თვითონ მოიკითხონ, თვითონ მოიძიონ და თვითონ დაადგინონ თუ საიდან და როგორ მოხვდა. ამ შემთხვევაში ჩვენ არაფერი არ გაგვისაჯაროებია, ეს გაასაჯაროვა მასმედიამ,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურაში დეკანოზ მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი მია ზოიძე იმყოფებოდა, რომელმაც გამოძიებას ჩვენების მიცემაზე უარი უთხრა.