ბირთვული იარაღის განადგურების საერთაშორისო კამპანიას, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა. ეს არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
ნობელის კომიტეტში აღნიშნეს, რომ ის წამყვან როლს ასრულებს ბირთვული იარაღის აკრძალვის მისწრაფებაში და დიდი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებაში, იმ კატასტროფულ ჰუმანიტარულ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც გამანადგურებელი იარაღის გამოყენებას შესაძლოა მოჰყვეს.
კომიტეტის წევრთა განცხადებით, ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს ჩამოყალიბებისთვის, საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც ფლობენ ასეთ იარაღს და მოუწოდებენ ამ ქვეყნებს, მსოფლიოში აღრიცხული 15 ათასი ერთეული ბირთვული იარაღის ლიკვიდაციის მიზნით, მოლაპარაკებები დაიწყონ.