ჩოგოვაძეების 5-სულიანი ოჯახი, წყალტუბოს რაიონის სოფელ ყუმისთავში, უკვე 13 წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც სახლი დაეწვათ და თავი გადარჩენილ ერთ ოთახს შეაფარეს. დაზიანებული კედლები გაჭირვებით გადახურეს და ცეცხლს გადარჩენილი მთელი ქონება, ერთ ოთახში დაატიეს.
ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შვილის პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელიც 2012 წელს მოუხსნეს და მხოლოდ სამი წლის შემდეგ აღუდგინეს. ჩოგოვაძეების აზრით სოციალურმა აგენტმა მათ არასათანადო კატეგორია მიანიჭა, რის გამოც მხოლოდ 170 ლარს იღებენ. ისინი კატეგორიის შეცვლას ითხოვენ, მით უმეტეს, რომ ხუთი წევრიდან სამი მძიმე ავადმყოფია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში კი განმარტავენ, რომ ოჯახი საშინაო მეურნეობითაც არის დაკავებული და კატეგორიაც ამ დეტალების გათვალისწინებით მიენიჭა.
ვიდრე სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოგოვაძეების შეჭირვებული ოჯახი მიაკითხავს და მათ საკითხს განიხილავენ, ხუთ ადამიანს, რომელთა შორის 2 არასრუწლოვანია, კვლავ ნახევრად მშივრებს, მეზობლების იმედად მოუწევთ ყოფნა.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი, ნინო გაზდელიანი.